ხაშურში, მდინარე შოლას კალაპოტი იწმინდება

ხაშურში, მდინარე შოლას გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. მელიორაციის საწრეტი არხის - ე.წ. შოლის დახურული უბნების მოწყობა გასული საუკუნის 90-იან წლებში განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ამ ეტაპზე გახსნილია ხაშურის შემოსასვლელთან, პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დახურული მონაკვეთი, სადაც ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე გაიწმინდა მდინარე მტკვრიდან აღნიშნულ მონაკვეთამდე ორ კილომეტრზე მეტი ღია არხი. სამუშაოები ხაშურის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ღია და დახურულ მონაკვეთებზე გაგრძელდება და მდინარე მთლიანად გაიწმინდება.
პროცესები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და შპს საქართველოს მელიორაციის შიდა ქართლისა და სამცხე ჯავახეთის, კერძოდ, ტაშისკარ-სალთვისის სერვის ცენტრის მიერ ხორციელდება.
„მდინარე შოლას დახურული მონაკვეთების მშენებლობა, თავის დროზე სტანდარტების დაცვით არ განხორციელდა, ეს მონაკვეთები ათწლეულების განმავლობაში ვერ იწმინდებოდა, რამაც სავალალო შედეგი გამოიღო. ამ ეტაპზე სრულდება მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი სამუშაოები, რაც სტიქიის პრევენციისთვის და ჰიგიენის ნორმების დაცვისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“,-აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა.

























