თორნიკე რიჟვაძე - მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდების მხრიდან წამოსულ ყველა ქმედით იდეას და ინიციატივას

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკის ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, თორნიკე რიჟვაძემ მათ სამთავრობო ხედვისა და მომავალი გეგმების შესახებ ესაუბრა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას რეგიონის მეთაურთან ერთად ტექნოპარკის ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდა.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში უახლოეს მომავალში გაიხსნება ტექნოპარკი, რომელიც შექმნის მაღალტექნოლოგიურ გარემოს სტარტაპების განვითარებისთვის. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, თანამედროვეობა და ახალი ტექნოლოგიები ახალგზარდებს საშუალებას მისცემს იფიქრონ და გლობალურად იაზროვნონ.
„ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სწორედ რომ განათლებულ და ტექნოლოგიებთან ახლოს მყოფ ახალგზარდებზე დგას. ჩვენ მივისწრაფით იმგვარი გარემოს ჩამოყალიბებისკენ, სადაც თითოეული ახალგაზრდა იქნება თანაბარუფლებიანი, ინფორმირებული, ექნება განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობები. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდების მხრიდან წამოსულ ყველა ქმედით იდეასა და ინიციატივას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკში რეგიონიდან 30 ახალგაზრდა იყო ჩართული და ის ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა. „სამდღიანი ბანაკი მოიცავდა სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ. ბათუმში ახალგაზრდული ბანაკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, აჭარის ა.რ მთავრობისა და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























