ირაკლი ქადაგიშვილი - „ჭაჭის ფესტივალით“ მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რადგან მევენახეობა-მეღვინეობა კახეთის სავიზიტო ბარათია

„ჭაჭის ფესტივალით“ მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რადგან მევენახეობა -მეღვინეობა არის კახეთის სავიზიტო ბარათი, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი წესი, მნიშვნელოვანი მიმართულება, - ამის შესახებ თელავში, „ჭაჭის ფესტივალზე“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ფესტივალი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით ჩატარდა.
„წელსაც, ძალიან კარგი რთველი ჩაატარა კახეთმა. მოსავალი გლეხ-კაცმა დააბინავა, ღვინის ქარხნებმა ყურძენი ჩაწურეს, კარგი ღვინო მივიღეთ, ჭაჭა დარჩა და რა თქმა უნდა, ჭაჭისგან კარგი არაყი უნდა გამოიხადოს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არამარტო ქართველ კაცს, არამედ ჩვენს უცხოელ სტუმრებსაც ძალიან ხიბლავთ და ძალიან მოწონთ ჭაჭა. შესაბამისად, ჭაჭის არაყი მოთხოვნადი პროდუქტია. დღეს, აქ არიან წარმოდგენილი მუნიციპალიტეტები, ჭაჭის არაყის მწარმოებელი კომპანიები, უცხოელი სტუმრები და ის ადამიანები, ვისაც უნდა შემოდგომის მიწურულს, კახეთში ჩამოსვლა და კახეთის სიმშვენიერით დატკბობა“, -განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

























