„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ზუგდიდის #94 უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ზუგდიდის #94 უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ეს მოთხოვნა არც საოლქო საარჩევნო კომისიამ და არც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ორგანიზაციში მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მტკიცებულებები სათანადოდ არ არის გამოკვლეული.
"შეგახსენებთ, რომ არჩევნების დღეს ჩვენმა დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. პროტესტის გამოხატვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს ჩვენი დამკვირვებელი, სთხოვეს თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა. ამ საკითხზე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ კომისიის წევრს ხელში ნამცხვრის რეცეპტი ეჭირა და მისი მხრიდან საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია", - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზუგდიდის #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განმარტებით, "გამჭვირვალობის" სარჩელი უსაფუძვლო იყო. იგივე გადაწყვეტილება მიიღო დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი მე-100 საარჩევნო უბნის თავმჯდომარისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რაც უბანზე გადასატან ყუთთან დაკავშირებულ პროცედურულ დარღვევას ეხებოდა. საია-ს ინფორმაციით, გადასატანი ყუთი უბნიდან ორჯერ გავიდა, რაც მათივე მტკიცებით, დარღვევაა. „ყუთი გაიტანეს 10 საათზე და უბანზე დააბრუნეს 15:00 საათზე ისე, რომ არ იყო დალუქული და არც დრო დაფიქსირებულა“, - თქვა ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარემ ჯემალ ჭკადუამ.
სასამართლოს განმარტებით კი, აღნიშნული დარღვევა არ არის, რადგან გადასატანი ყუთის სიაში იყო ამომრჩეველი, რომელიც საავადმყოფოში იმყოფებოდა და სწორედ მისთვის გახდა ყუთის თავიდან გატანა საჭირო. საია გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და დავის გაგრძელებას სააპელაციო სასამართლოში არ აპირებს.

























