თორნიკე რიჟვაძე გერმანიის ელჩს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გერმანიის ელჩთან საქართველოში ჰუბერტ კნირშთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, რომლის მხარდაჭერით რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. შეხვედრაზე ასევე იმ დადებითი შედეგების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სახელით საქართველომ მოიპოვა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ფრანკფურტში ვიზიტის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გაიმართა KfW-ს ხელმძღვანელ პირებთან, სადაც ბათუმთან ახლად შემოერთებული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების პროექტის დეტალები განიხილეს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ტურისტული პარტნიორების სიაში მეათე ადგილს იკავებს და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის ევროპის ბაზარზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს.
მხარეებმა მომავალში თანამშრომლობის გაღრმავებისა და მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელების სურვილი გამოთქვეს.

























