დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ადგილობრივ ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს პროექტის - „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით" ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარდათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ტრენინგი „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვის” საკითხებზე გაიმართა. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ნიადაგის დეგრადაციის კუთხით არსებულ პრობლემებზე, მიწის მდგრადი მართვის თანამედროვე და ეფექტურ გზებსა და მეთოდებზე. ასევე, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებისა და შესრულების მექანიზმების თაობაზე. ტრენინგი თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკულ საველე გასვლასაც მოიცავდა.
„პროექტი „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია სოფლად ეკონომიკურად ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის მიზნით ლანდშაფტისა და მიწის მდგრადი მართვის პრინციპების ინტეგრირება ეროვნულ პოლიტიკასა და ინსტიტუციურ ჩარჩოებში. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიება დედოფლისწყაროს, ახმეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში”, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

























