სოფელ ზოვრეთის განახლებულ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის N27-ე, სოფელ ზოვრეთის საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი თითქმის თხუთმეტი წლის შემდეგ განახლდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობას, რომელიც 80-იან წლებში აშენდა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და უკვე მზადაა სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ საბავშვო ბაღი მოინახულა და საზეიმოდ გახსნა; მასთან ერთად იმყოფებოდნენ სოფლის დეპუტატი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ზოვრეთის ბაღის სააღმზრდელო პროცესში რვა ადამიანია ჩართული და მას შორენა მალაღურაძე უხელმძღვანელებს.
“საბავშვო ბაღში ამჯერად 26 აღსაზრდელია და მხოლოდ ერთი ჯგუფი ფუნქციონირებს, თუმცა იმედი გვაქვს ბავშვები კიდევ შემოგვემატებიან. თავადაც ხედავთ, საოცარი გარემოა შექმნილი და პატარებისა და მათი მშობლების სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაზე იზრუნა“, - აღნიშნა შორენა მალაღურაძემ.
სოფელ ზოვრეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო და მის დასრულებას სოფლის მოსახლეობა დიდი ინტერესით ელოდა.
„ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად გავიზიარეთ ეს დიდი სიხარული. საბავშვო ბაღი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, აქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა და ინვენტარი. ვიმედოვნებ, პედაგოგები და აღმზრდელები მშვიდ და საიმედო გარემოს შეუქმნიან ჩვენს პატარებს“, - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

























