თელავის საოლქო კომისიამ არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრები განიხილა

თელავის საოლქო კომისიამ არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრები განიხილა

თელავის მე- 17 საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრები განიხილა. ოლქის ხელმძღვანელის ინფორმაციით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 4, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი საჩივარი დაწერა. გიორგი კალმახელიძის თქმით, ხუთივე საჩივარი ტექნიკურ და პროცედურულ დარღვევებს ეხება, რაც საბოლო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

საიას წარმომადგენლებმა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საჩივარი #1, #8, # 9 და #12-ე უბნებზე დაწერეს. ასოციაციის იურისტის, რატი თინიკაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ უბნებზე გადასატან ყუთზე წილისყრის დროს, კომისიის წევრებმა უარი განაცხადეს უბნებზე გაყოლაზე, რაც მისი განმარტებით საარჩევნო კანონდარღვევაა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარს, არჩევნების დღეს, სოფელ ყარაჯალის 38-ე საარჩევნო უბანზე მათმა დამკვირვებელმა კენჭისყრის დროს რეგისტრატორის შეცდომაზე დაწერა. პარტიის განმარტებით, რეგისტრატორმა ამომრჩეველს ხელი სხვა პირის სახელისა და გვარის გრაფაში მოაწერინა. ამის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რეგისტრატორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვდა, თუმცა კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებით, ხუთივე საჩივრის ადრესატებს შენიშვნა გამოეცხადა.