„ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, ახმეტის მე-18 საოლქო კომისიის თავმჯდომარემ გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა

„ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ახმეტის მე-18 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გათავისუფლებაზე განცხადება დაწერა. პარტიის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის შაქრო ტერტერაშვილის თქმით, მინდია იუკურიძის გათავისუფლება ახმეტაში მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის არჩევნებში წაგებას უკავშირებდა.
ტერტერაშვილი ფიქრობს, რომ იუკურიძემ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის გასამარჯვებლად არ იმუშავა, რის გამოც მას სამსახურის დატოვება აიძულეს.
"ამ დილით გახმაურდა, რომ ახმეტის მე-18 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებენ. გუშინვე საეჭვოდ იყო გამქრალი. კონკრეტულად ვინ აიძულა განცხადების დაწერა, არ ვიცი, თუმცა, ცხადია, ამას ხელისუფლება გააკეთებდა. ბუნებრივია, ამის მიზეზი „ოცნების“ სამარცხვინო წაგება გახდა, რადგან ვფიქრობ, მან არ მიიღო მონაწილეობა და უარი თქვა დავალებაზე, რომ საბოლოო შედეგები გაეყალბებინა. იყო კონკრეტული შემთხვევები, რამდენიმე უბანზე ოქმის დაწერა შეაჩერებინეს, თუმცა ცხადია, ეს არ გამოუვიდათ", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შაქრო ტერტერაშვილმა.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმება "ინტერპრესნიუსმა" მინდია იუკურიძესთან სცადა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და არც ახმეტის მე-18 საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდა.

























