ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანთან „ნაცმოძრაობის“ წევრსა და საარჩევნო უბნის დამკვირვებელს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა

ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანთან „ნაცმოძრაობის“ წევრსა და საარჩევნო უბნის დამკვირვებელს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა

ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანთან საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანიასა და საარჩევნო უბნის დამკვირვებელს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მტკიცებით, საარჩევნო უბნის დამკვირვებელი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით ანგარიშს აბარებდა, რის შემდეგაც, ისინი ამომრჩევლის იძულებით მობილიზებას ცდილობდნენ.

„ჩვენმა წარმომადგენელმა ამ უბანზე გადაიღო კომისიის თავჯდომარე როგორ გამოდის და „ოცნების“ აქტივისტებს როგორ აბარებს ანგარიშს, ვინ მოვიდა უბანზე და ვინ არ მოვიდა, რომ შემდეგ ეს ადამიანები იძულებით მოიყვანონ. ჩვენ ამ კადრებს ვუყურებდით და გვინდოდა, რომ ჟურნალისტებისთვის მოგვეწოდებინა. მოვიდა მერიის წარმომადგენელი, მოვიდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები და დაიწყეს ამ ადამიანზე ზეწოლა, თურმე მას არ ჰქონია ამ კადრების გადაღების უფლება. როდესაც მე მივედი, ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება. ნამდვილად ვერ მოახდენენ ვერავისზე ზეწოლას და ვერ მოახდენენ ამ არჩევნების გაყალბებას, არავინ არ მისცემს მათ ამის უფლებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ.

დამკვირვებელმა აღნიშნული ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ საარჩევნო უბანზე მსგავსი რამ არ მომხდარა.

„ახლა მილიონ რაღაცას ვიტყვი, მილიონ რაღაცას დაგაბრალებთ და გეტყვით, რომ მაქვს მტკიცებულებები, მერე არ გაჩვენებთ იმ მტკიცებულებებს და ამტკიცეთ და იყავით, ასეთი სიტუაციაა აქ“, - აღნიშნა გიგა შუშანიასთან სიტყვიერ დაპირისპირებაში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა.