ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - ზუგდიდის #94-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია

„ედპ"- დან, „ნაციონალური მოძრაობიდან" და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომ 67-ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 94-ე უბანზე ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ 67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომლითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მირანდა მესხის განმარტებით, მათ გააჩნიათ ახსნა-განმარტება უბნის, კომისიის წევრების, ასევე იმ კომისიის წევრის, ვინც ყუთზე და კონვერტენზეა ზედამხედველი და ყველა მათგანი ადასტურებს, რომ საარჩევნო ყუთში კონვერტის არანაირად ჩაყრას ადგილი არ ჰქონია.
„გვაქვს უბნის ახსნა-განმარტება, კომისიის წევრების, ასევე იმ კომისიის წევრის, ვინც ყუთზე და კონვერტებზეა ზედამხედველი, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების ხელმოწერით დადასტურებული - „ედპ"-დან, "ნაციონალური მოძრაობიდან" და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომ არანაირ ჩაყრას ადგილი არ ჰქონია. ამ კონკრეტულმა პირმა, ვისზეც ამბობენ, რომ ჩაყარა კონვერტები, კენჭისყრაში მონაწილეობა სპეციალური სიის საშუალებით მიიღო. ეს არის „ევროპული საქართველოდან" დანიშული კომისიის წევრი, რომელმაც დილიდან, თავიდანვე უარი განაცხადა წილისყრაში მონაწილეობაზე და უფუნქციო კომისიის წევრი იყო. მოგვიანებით განახორციელა თავისი კონსტიტუციური ვალი, მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა სპეციალური სიის საშუალებით და დააფიქსირა თავისი არჩევანი, ძირითად ყუთში ჩააგდო თავისი კონვერტი. ეს არის უბნის მოკვლევის შედეგი,რასაც ადასტურებენ კომისიის წევრები და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები“, - განაცხადა მესხმა.
შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ზუგდიდში, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.
„#67-ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #94-ე საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. პროტესტის გამოხატვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს ჩვენი დამკვირვებელი, სთხოვეს თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე, არ დაეწერა საჩივარი და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა. ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდეს ამ შემთხვევით და მიიღოს შესაბამისი ზომები. ჩვენ ვითხოვთ ამ უბნის შედეგების ბათილად ცნობას“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

























