მარნეულში, სოფელ იმირის #59 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნებისა“ და „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

მარნეულში, სოფელ იმირის #59 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნებისა“ და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მათ „ქართული ოცნების“ დეპუტატი თამაზ ნავერიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრები, მათ შორის მარნეულის საკრებულოს თავჯმდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი დააფიქსირეს.
„მარნეულის რაიონში არის არეულობა, ეს შემოაქვს ხელმძღვანელობას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აქ იმყოფება და ის აძლევს მითითებებს. ყველა უბანზე დავაფიქსირეთ ბატონი მამუკა ნავერიანი,“, - აღნიშნა ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა.
მამუკა ნავერიანის განმარტებით კი, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება და მათი კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაცია არ ხდება.
„კანონის ჩარჩოებში თვალყურს ვადევნებ, რომ ობიექტურად ჩატარდეს არჩევნები. მაჩვენეთ ფაქტები, სად ეწევიან სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ აგიტაციას?! “, - აღნიშნა მამუკა ნავერიანმა.
რაც შეეხება თამაზ ნავერიანის პოზიციას, მისი თქმით, უბანზე, სადაც დაპირისპირება მოხდა, მივიდა იმიტომ, რომ ინციდენტის შესახებ შეატყობინეს.
„შემატყობინეს, რომ ინციდენტი მოხდა. ამიტომ მოვედი და არა იმისთვის, რომ შიგნით შევიდე. თქვენი საქმე არ არის, მე სად ვიქნები და სად არ ვიქნები. ჩემი აქ ყოფნა ნამდვილად შეიძლება“, - განაცხადა თამაზ ნავერიანმა.
ინციდენტის შედეგად, პოლიციამ ორი პირი დააკავა.

























