თორნიკე რიჟვაძე - ხმა მივეცი ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ არჩევანს

ხმა მივეცი ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ არჩევანს, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა შეძლებს ღირსეულად გაართვას თავი ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ამოცანებს.
“დღე, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ბოლოჯერ, პირდაპირი წესით ირჩევენ საქართველოს პრეზიდენტს. მე არჩევანი გავაკეთე კანდიდატის სასარგებლოდ, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას, ევროპულ არჩევანს. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ზეპარტიული პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს ღირსეულად გაართვას თავი ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ამოცანებს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც ხმის მისაცემად ბათუმის მე-16 საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა.
როგორც აჭარის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეგიონში საარჩევნო პროცესი თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში ჩატარდება.

























