„ნაციონალური მოძრაობა" „ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, სალომე ზურაბიშვილის პლაკატი ყველა საარჩევნო უბანზე ჩამოხსნან

„ნაციონალური მოძრაობა" „ქართულ ოცნებას"  მოუწოდებს, სალომე ზურაბიშვილის პლაკატი  ყველა საარჩევნო უბანზე ჩამოხსნან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელოს რეგიონალურმა კოორდინატორმა მურთაზ ზოდელავამ სოფელ ჭითაწყარის და რიყეს საარჩევნო უბნის მიმდებარედ სალომე ზურაბიშვილის პლაკატები ჩამოხსნა. როგორც ზოდელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პლაკატების ჩამოხსნას ყველა უბანთან აპირებს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" „ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, რომ ყველა საარჩევნო უბანზე ჩამოხსნან სალომე ზურაბიშვილის პლაკატი. ზოდელავას თქმით, როდესაც უბანზე მისულ ამომრჩეველს საარჩევნო ატრიბუტიკა ხვდება, ეს არის ამომრჩევლის უფლებების დარღვევა.

„არ შეიძლება ამომრჩეველს ცხვირწინ დაახვედრო პლაკატი და აიძულო, რომ ეამბოროს სალომე ზურაბიშვილს და მერე შევიდეს უბანზე. ძირითადად უბნები სკოლებშია. დაუშვებელია, რომ ამომრჩეველი იძულებული იყოს საარჩევნო უბანზე მისვლისას ჯერ რომელიმე კანდიდატის პლაკატს ეამბოროს და შემდეგ მისცეს ხმა. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ძალიან მძიმე დარღვევა. ამით „ქართული ოცნება" თავის დომინირების დემონსტრირებას ახდენს და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. სადაც მივედი ყველგან საჩივარი დაიწერა და ყველგან მოხდა იმ ატრიბუტიკის ჩამოხსნა, რომლის განთავსებაც უბანზე აკრძალულია. საარჩევნო კანონმდებლობაზე მათი აპელირება არის მცდარი. ეს არის სისტემური დარღვევა. ჭითაწყარის საარჩევნო უბანი სკოლის შენობაშია განთავსებული და ამ სკოლას ერთადერთი შესასვლელი აქვს ცენტრალური გზიდან, რომელიც მთლიანად ზურაბიშვილის პლაკატებით იყო მოფენილი. ასეთივე ვითარება დამხვდა რიყეში განთავსებულ საარჩევნო უბანზე“, - განაცხადა ზოდელავამ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, „ქართული ოცნების" კოორდინატორები სიებით დადიან უბნებში.