„ნაცმოძრაობის“ ინფორმაციით, ყარაჯალაში ამომრჩეველი სხვისი პირადობით ცდილობდა ხმის მიცემას, საოლქო კომისიის თავმჯდომარე კი ამტკიცებს, რომ ამომრჩეველს უბრალოდ უბანი შეეშალა

„ნაცმოძრაობის“ ინფორმაციით, ყარაჯალაში ამომრჩეველი სხვისი პირადობით ცდილობდა ხმის მიცემას, საოლქო კომისიის თავმჯდომარე  კი ამტკიცებს, რომ ამომრჩეველს უბრალოდ უბანი შეეშალა

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, უბანზე ამომრჩეველი სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდა ხმის მიცემას, რაზეც მათმა წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა. ბოტკოველი აღნიშნულ ფაქტს „ქართული ოცნების“ მხრიდან გაყალბების მცდელობად აფასებს.

„სოფელ ყარაჯალას #38-ე სარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ხმის მიცემას სხვისი პირადობით ცდილობდა და რეგისტრატორმა ხელი სხვისი პირადობის გასწვრივ მოაწერინა, რაც ჩვენმა წარმომადგენელმა გააპროტესტა. დაიწერა საჩივარი. ჩვენ წუხელვე გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ კონკრეტულ უბნებზე იგეგემება მთელი რიგი გაყალბება. ვფიქრობ, ეს ინციდენტი გავლენას იქონიებს ამ უბნის საბოლოო შედეგებზე“, - განაცხადა ბოტკოველმა.

დარღვევას ნაწილობრივ ადასტურებს თელავის #17 საოლქო საარჩევო კომისიის თავმჯდომარე. თუმცა, გიორგი კალმახელიძე განმარტავს, რომ ამომრჩეველი სხვისი პირადობის მოწმობით კი არ ცდილობდა ხმის მიცემას, არამედ მას საარჩევნო უბანი შეეშალა. კალმახელიძის ინფორმაციითვე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დაწერა საჩივარი, ხოლო კომისის თავმჯდომარემ რეგისტრატორს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

„იყო დარღვევა, თუმცა აღნიშნულმა ამომრჩეველმა ხმის მიცემა ვერ შეძლო“, - განაცხადა გიორგი კალმახელიძემ.