„ნაციონალური მოძრაობა“ ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა განთიადში მეათე უბანზე დარღვევებზე საუბრობს

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა განთიადში მეათე უბანზე კომისიის თავმჯდომარე პერიოდულად გარეთ გადის და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაციას აწვდის,- ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია აბულაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარე "ქართული ოცნების" წევრებს ამომრჩეველთა პირად ნომერსა და რაოდენობას აწვდის, თუ ვინ მივიდა არჩევნებზე.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი საარჩევნო პროცესებში ერევა და უხეშად არღვევს საარჩევნო კოდექსს. გია აბულაძე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„უბნის თავმჯდომარე პერიოდულად გამოდის გარეთ, გამოაქვს მოქალაქეთა მონაცემები, პირადი ნომერი და მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა. თუ ვინ გამოცხადდა არჩევნებზე და ვინ არა ჯერჯერობით. "ქართული ოცნების" წევრები უბანთან იმყოფებიან და ასე იღებენ ინფორმაციას, რაც კანონის უხეში დარღვევაა",- განაცხადა გია აბულაძემ.

























