ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. როგორც ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, მეწყრული პროცესების 8 კერა დაფიქსირდა. სოფელ ჭარბალში კი მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება.

„უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიასთან ბრძოლის მუდმივმოქმედი შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერის 8 კერა დაფიქსირდა. ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ აგარაში, ასლან ქათამაძის სახლთან ჩამოწვა მიწის მასა. სოფელ ყოროლისთავში ცენტერაძეების დასახლებასთან ჩამოწვა მიწის მასა, რამაც გამოიწვია გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. სოფელ ზედა ჯოჭოში ეთერ დოლიძის საცხოვრებელი სახლის მახლობლად ჩამოწვა მიწის მასა. სოფელ სამებაში მადონა დავითაძის სახლის უკანა ნაწილთან წვიმის შედეგად ჩამოინგრა ფერდსამაგრი კედლის ნაწილი. სოფელ ზანაქიძეებში არსენ ზოიძისა და კობა ხინკილაძის საცხოვრებელ სახლებთან ჩამოწოლილია მიწის მასა. სოფელ სარფში (ზედა კალენდერე) წყალსაცავთან მისასვლელ გზაზე, ემზარ კაკაბაძის საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა მიწის მასა. სოფელ სამებაში ნუგზარ გოგიტიძის საცხოვრებელ სახლთან განვითარებული მეწყერული პროცესების შედეგად, ეზოში ჩამოწვა მიწის მასა, ისე რომ სახლის საძირკველი გამოჩნდა. ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანდა ჭარნალის წყლის სათავე ნაგებობა, რის გამოც მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი, დღის ბოლომდე დასრულდება სათავე ნაგებობის გაწმენდითი სამუშაოები და წყლის მიწოდება აღდგება. ასევე, სოფელ ჭარნალში მდინარის ადიდების შედეგად დაზიანდა ნაპირთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ელექტროგადამცემი ბოძის საძირკველი, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია კომპანია „ენერგო პრო ჯორჯია“. აღნიშნული ადგილები უკვე დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, დღის ბოლომდე ყველა ზემოთ აღნიშნულ ლოკაციაზე გაიწმინდება ჩამოწოლილი მიწის მასა. შედარებით რთული მდგომარეობაა სოფელ სამებაში, ნუგზარ გოგიტიძის და მადონა დავითაძის სახლებთან. აღნიშნულ საკითხებს უახლოეს პერიოდში შეისწავლის შესაბამისი გეოლოგიური სამსახური. საფრთხის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა ოჯახის წევრებმა დროებით დატოვონ საცხოვრებელი სახლები. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს",- აცხადებენ უწყებაში.