სამშენებლო კომპანიის მიერ დაზარალებულებმა აქცია ბათუმის მერიაში გამართეს

ბათუმის მერიაში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მშენებელმა ისინი მოატყუა და კორპუსის მშენებლობა არ დაასრულა. მათი თქმით, საუბარია გუდიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე, რომლის მშენებლობა გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე გაჩერებულია.
შეკრებილები აცხადებენ, რომ მიზეზი მეწილეებს შორის დაპირისპირებაა, რის გამოც ბინების მეპატრონეები დაზარალდნენ და ისინი ბათუმის მერიას დახმარებას სთხოვენ. ისინი მერიას ერთი კვირის ვადას აძლევენ.
აქციის მონაწილეებს ვიცე მერი შეხვდა და საკითხის შესწავლას დაპირდა.
როგორც დაზარალებულები აცხადებენ, თუ მერია მათ არ დაეხმარება, ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებენ. მათივე თქმით, სულ 150-მდე ოჯახია დაზარალებული.

























