ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ხაშურის ბიბლიოთეკაც მონაწილეობდა

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ხაშურის ბიბლიოთეკაც მონაწილეობდა

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარდგენილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაც მონაწილეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს წიგნის ბაზრობაზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, მარინე დიდებულიძის მონაწილეობა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

მარინე დიდებულიძის განცხადებით, გარდა საფესტივალო ღონისძიებებში მონაწილეობისა, მან შეხვედრები გამართა ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებთან.

მისივე თქმით, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გზები.

როგორც დიდებულიძემ განაცხადა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანკფურტის ბიბლიოთეკასთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის შესაბამისი ლიტერატურის მოწოდებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის მონაწილეებს და დაინტერესებულ პირებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის საქმიანობის ამსახველი ორენოვანი საინფორმაციო ბუკლეტებიც გადაეცა.