ელისაბეთ რუდი სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბეთ რუდი სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ელისაბეთ რუდი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სონია შარიგიანი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინაროებას გაეცვნენ. სკოლის 1600 კვადრატული მეტრი ფართობის რეაბილიტაციის შედეგად, სასწავლო გარემო 200-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდება.
როგორც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, საერთო ჯამში, საქართველოს მასშტაბით რეაბილიტაცია 90-ზე მეტ სკოლას ჩაუტარდება. „ამ სკოლაში პირველად ვარ და ძალიან გახარებული ვარ, რომ სკოლის სარემონტო სამუშაოები წინ კარგად მიიწევს. ნიგვზიანის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ამერიკის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ინვესტიციაა საქართველოში. საერთო ჯამში, საქართველოს მასშტაბით რეაბილიტაცია 90-ზე მეტ სკოლას ჩაუტარდება, შედეგად, სარგებელს მიიღებს 37 ათასზე მეტი მოსწავლე. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვესტუმრე ამ სკოლას და მიხარია, რომ აქ იქნება გაუმჯობესებული სასწავლო გარემო მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, გურიის რეგიონში სამი საჯარო სკოლის: ლაითურის, ძიმითის და ნიგვზიანის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
2018 წელს, დასავლეთ საქართველოში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 საჯარო სკოლას, რის შედეგადაც სასწავლო გარემო 15,200 მოსწავლისათვის გაუმჯობესდება. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შედეგად, დასავლეთ საქართველოში დასაქმდება 1500-მდე მოქალაქე, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას მათთვის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამშენებლო და სარეაბილიტაციო გამოცდილების გაზიარებასა და დამკვიდრებას.
მიმდინარე სასწავლო წელს ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში უკვე 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ჯამში, საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს. დღემდე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, კახეთის საჯარო სკოლები.
საჯარო სკოლების რეაბილიტაციას აშშ-ის მთავრობა აფინანსებს 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონიანი აშშ დოლარის მეორე კომპაქტის/გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში. ჯამში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის კომპაქტიდან 54 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი. კომპაქტის მიზანია, საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარება, სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

























