თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ ხულოს ყოფილ მერთან დაპირისპირება არ ჰქონია და გოჩა მელაძემ საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მერის გოჩა მელაძის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გოჩა მელაძესთან დაპირისპირება არ ჰქონია. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ რეგიონში პროფესიონალი კადრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ.
"გოჩა მელაძემ თავისი გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა, ამის შემდგომ გუნდის შიგნით იყო კონსულტაციები და მერის მოვალეობის შემსრულებლად შეირჩა ვახტანგ ბერიძე, რომელიც არის ძალიან ავტორიტეტული და გამოცდილი ადამიანი. მე მინდა გოჩა მელაძეს და ვახტანგ ბერიძეს წარმატებები ვუსურვო. თვითმმართველობა თავისი ავტონომიის ფარგლებში იმ კონკრეტულ საქმიანობას ახორციელებს, რაც მნიშვნელოვანია კონკრეტული თვითმმართველობისთვის. ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველა სამართლებრივი მოთხოვნის შესაბამისად მოხდა. ამ გადაწყვეტილების მიღება ასევე განხორციელება ძალიან ღირსეულად მოხდა", - აღნიშნა რიჟვაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა ზურაბ პატარაძის კადრების გათავისუფლება და არსებული კადრების ძალოვნებით ჩანაცვლება თანამდებობებზე, თორნიკე რიჟვაძემ ასე უპასუხა: „რეგიონში კლანური მმართველობა არის აბსურდი“.
„28 ოქტომბერს და შემდეგ დღეებში ხალხის მხარდაჭერას ველოდებით. ვახტანგ ბერიძე კი გუნდში კონსულტაციების შედეგად დაინიშნა, ყველა სამართლებრივი მოთხოვნის ზედმიწევნით დაცვით. გოჩა მელაძე ხულოში "ქართული ოცნების" შტაბის თავმჯდომარედ ვეღარ გააგრძელებს მუშაობას, რადგან იგი მოითხოვს ჩართულობასა და ადგილზე ყოფნას. გოჩა მელაძე იმ თანამდებობაზე, სადაც საქმიანობას გააგრძელებს, ბუნებრივია, ვეღარ შეძლებს იყოს შტაბის ხელმძღვანელი. ყველა ღირსეული და პროფესიონალი კადრი როგორც წინა მთავრობაში, ასევე ამ მთავრობაში აგრძელებს ქვეყნის სამსახურში მუშაობას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ხულოს მერმა და მოადგილემ საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ორი დღის წინ მიმართეს. აღსანიშნავია, რომ ხულოს მერის პირველ მოადგილედ ხულოს პოლიციის ყოფილი უფროსი ვახტან ბერიძე დაინიშნა.

























