აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის" წევრი - ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი მყარდება

ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი მყარდება, - ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია აბულაძე ხულოს მერის გოჩა მელაძის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას. როგორც გია აბულაძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, „ქართული ოცნების" გუნდის შიგნით შიდა დაპირისპირებაა და სწორედ გოჩა მელაძეც გაწირეს. გია აბულაძე ამბობს, რომ ოპოზიციას აჭარის მუნიციპალიტეტების მერებთან შენიშვნები აქვთ, რომელიც ნეპოტიზმსა და კორუფციას უკავშირდება.
„ეს არის მესიჯი, რომ ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი მყარდება. გოჩა მელაძის გათავისუფლება შიდა დაპირისპირების საფუძველია. როგორც კი "ქართული ოცნების" გუნდში შიდა დაპირისპირება გაღვივდა, ხულოს მერი გაწირეს და გაუშვეს თანამდებობიდან.
ჩვენ ინიციატივა გვქონდა, რომ აჭარის მთავრობას თვითმმართველობებთან ურთიერთობაში დარგობრივი და სამართლებრივი ზედამხედველობითი ფუნქცია შეესრულებინა, რაზეც უარი გვითხრეს. ახლა არაფორმალური მმართველობის სტილია, ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობა თვითმმართველობების საქმიანობაში ერევა. რეალურად სახეზე გვაქვს დაპირისპირება "ქართული ოცნების" გუნდის შიგნით, რის გამოც გაათავისუფლეს გოჩა მელაძე. ყველა მუნიციპალტეტების მერებთან ჩვემ გვქონდა შეკითხვები, რომელიც ნეპოტიზმსა და კორუფციას უკავშირდება, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოუხდენია",- განაცხადა გია აბულაძემ.

























