ჩინეთში გამართულ ბიზნესსამიტზე, ირაკლი ქადაგიშვილმა აბრეშუმის გზის ურბანული ალიანსის შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ჰანანის პროვინციაში გამართულ ბიზნესსამიტზე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ხელი მოაწერა აბრეშუმის გზის ურბანული ალიანსის შეთანხმების დოკუმენტს. აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის მთავარ მიზანს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთთანამშრომლობისა და კულტურის გაზიარება წარმოადგენს.
შეთანხმების თანახმად, კახეთის რეგიონი აქტიურად ჩაება ალიანსის საქმიანობის განხორციელებაში, რაც გულისხმობს ხალხთაშორის მეგობრობის განვითარებასა და ყველა იმ დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის მხარდაჭერას, რომელთა მიზანს ქალაქებისა და რეგიონების დამეგობრება, საგანმანათლებლო თუ სავაჭრო კავშირების დამყარება წარმოადგენს.
ალიანსში გაწევრიანების შედეგად ორივე მხარე თანხმდება შემდეგზე: თანამშრომლობის ჩამოყალიბება და განვითარება სხვადასხვა დაწესებულებებს შორის აბრეშუმის გზის ურბანული ალიანსის ფარგლებში; თანამშრომლობა, ერთობლივი მუშაობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება: ეკონომიკის, განათლების, ტურიზმის, კულტურისა და ხელოვნების სფეროში; შეთანხმების შესაბამისი ინიციატივების მხარდაჭერა.

























