თორნიკე რიჟვაძე ფრანგ სენატორს, საფრანგეთი-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრ პიერ-ივ კოლომბას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფრანგ სენატორს, საფრანგეთი-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრ პიერ-ივ კოლომბას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, მთავრობის თავმჯდომარესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სენატორს მხარდაჭერისათვის, რომელსაც საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ იჩენს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ პიერ-ივ კოლომბას აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საფრანგეთის გამოცდილება ტურიზმისა და მუნიციპალური განვითარების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფი ფრანგი სენატორი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, რეგიონის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.

























