ირაკლი ქადაგიშვილი - კახელ კაცს დღეს გულში იმედი აქვს ჩასახული, დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება

გურჯაანში „ღვინის ფესტივალი 2018“ გაიმართა. კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კურორტ ახტალას ტერიტორიაზე გამოფენილი იყო დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ღვინო და ჭაჭა.ასევე გამოფენილი იყო
საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები. სპეციალურად ფესტივალის სტუმრებისთვის საწნახელში დაიწურა ყურძენი და ტრადიციისამებრ გაკეთდა თათარა.
ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, დიპლომატიური კოპუსის წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ირაკლის ქადაგიშვილმა იქ მყოფ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„პირველ რიგში, კახელ კაცს აქვს მისალოცად საქმე, რადგან რთველით სრულდება კახეთში ჭირნახულის დაბინავება. მოსავლის დაბინავება დაიწყო ზაფხულში, ალოობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან, მერე გამოიარა გურჯაანზე და მთელ კახეთზე ხილით, ბაღ-ბოსტნეულით, დასასრულს კი მთელს კახეთს შემოუარა ამ დიდებულმა რთველმა, რომელიც დღეს ან ხვალ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დასრულდება. ეს მთელი კახეთის დღესასწაულია, რომელსაც გურჯაანში ვზეიმობთ. კახელ კაცს დღეს გულში იმედი აქვს ჩასახული, დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. მთელს საქართველოს ვულოცავ კახეთიდან, მრავალჟამიერ ყოფილიყოს რთველი და ბარაქა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ღვინის ფესტივალი 2018 გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის პატრონაჟით ხორციელდება.
ფესტივალის მიზანს წარმოადგენს ღვინის კულტურის და ტურიზმის პოპულარიზაცია.

























