აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით აგროსერვის ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში, საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ტიტე აროშიძესთან ერთად დაესწრო. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შტაბი სრულ მზადყოფნაშია, რომ მოემსახუროს ფერმერებს და მოახდინოს გამართულა კოორდინაცია.
„მნიშვნელოვანია, შტაბმა იმუშაოს გამართულად, მოახდინოს მაქსიმალური კოორდინაცია ფერმერებსა და მუნიციპალურ სამსახურებს შორის, რათა ციტრუსის სეზონი შეუფერხებლად ჩატარდეს“, - აცხადებს მთავრობის მეთაური.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკოორდინაციო შტაბი ციტრუსის ლოგისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფის მიზნით აამოქმედა. შტაბი მუშაობას დღეიდან დაიწყებს და 1 თებერვლამდე გააგრძელებს. იმუშავებს ცხელი ხაზიც - 1501, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.
25 ნოემბრიდან აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება. 1 კგ სამრეწველო მანდარინზე სახელმწიფოს მხრიდან 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება, ხოლო 10 თეთრს გადაიხდის საწარმო. შესაბამისად, სამეწარმეო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.
მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით, ციტრუსის მოსავალი 50-55 ათასი ტონა იქნება. საექსპორტო მანდარინს ამზადებს 30–მდე მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო.

























