თორნიკე რიჟვაძე - მაღალმთიან აჭარაში განხორციელებული პროექტები ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა

ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოში სოფლის განვითარების მხარდაჭერას აგრძელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო ,,ჰილტონში“ გაიმართა.
მათი ინფორმაციით, ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობას ქვეყნისა და რეგიონის განვითარებისთვის.
,,სასიხარულოა, რომ ევროკავშირი აგრძელებს მხარდაჭერას. უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტ ENPARD III-ის განხორციელება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სოფლის მაცხოვრებელთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. მაღალმთიანი აჭარის განვითარება არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი, შესაბამისად, ევროპელი პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა ამ კუთხით კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს,“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ეკა მესხირაძე.
„პრეზენტაციაზე პროექტების „ქედა ლიდერი” და „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“, ასევე ქედის და ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისა და სტრატეგიული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს. აღნიშნული პროექტები ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ქედის მუნიციპალიტეტში CENN-ის (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) მიერ და ხულოს მუნიციპალიტეტში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 180 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

























