„ნაცმოძრაობამ“ გორის მერის იმპიჩმენტის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მუნიციპალიტეტის მერის იმპიჩმენტის მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს. ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბექა ქორჩილავა აცხადებს, რომ კონსტანტინე თავზარაშვილი მერის პოსტზე არჩევის შემდგომ, რამდენიმე თვის განმავლობაში შპს ,,მარინის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა და კანონს არღვევდა.
სასამართლომდე, ფრაქცია ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნული მოთხოვნით საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიას მიმართა, თუმცა, საკითხმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა და შესაბამისად, საკრებულოზე განსახილველად ეს საკითხი არ გავიდა.
,,ვფიქრობთ, რომ ამ საკითხზე საკრებულოს უნდა ემსჯელა, დარწმუნებული ვარ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიას საკითხი საკრებულოზე რომ გაეტანა განსახილველად, მერის იმპიჩმენტი დადგებოდა. თავზარაშვილი მერის პოსტზე არჩევის შემდგომ, რამდენიმე თვის განმავლობაში შპს ,,მარინის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა და კანონს არღვევდა. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აცხადებს ბექა ქორჩილავა.
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ იმპიჩმენტის მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა.
„ვფიქრობ, სრულიად უსაფუძვლოა ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ ეს მოთხოვნა. 10 წელია, ეს საწარმო არ ფუნქციონირებს. ფაქტობრივად, ფორმალურად არსებობდა, არ ასრულებდა შპს-ს განსაზღვრულ ფუნქციას - არ მუშაობდა მოგებაზე და ა.შ. ამ ყველაფრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარდგენილია სასამართლოში და დარწმუნებული ვარ, ობიექტური გადაწყვეტილება დადგება. ნამდვილად არ ვთვლი, რომ კანონი დავარღვიე“, - აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი.
სასამართლოს გადაწყვეტილება 17 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

























