თორნიკე რიჟვაძე - ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის

თორნიკე რიჟვაძე - ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება  ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის

ეს მნიშვნელოვანი გამოფენაა და ძალიან გამიხარდა, რომ აქ თემატური სტენდი ბათუმიდანაც არის წარმოდგენილი. ორი დღის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის დელეგაციის წევრები პრემიერის ხელმძღვანელობით, ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართულები სხვადასხვა ღონისძიებაში, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ქართული თემატური პავილიონის დათვალიერებისას განაცხადა, სადაც მრავალ საინტერესო სტენდთან ერთად, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება ჩვენი ქვეყნის, ამ შემთხვევაში - ბათუმის პოპულარიზაციისთვის.

„ვფიქრობ, მსგავს ღონისძიებებზე ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი მომავალში ქართული სახეებითა და ქართული გამომცემლობებით“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

„ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს თემატური სტენდები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსსა და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

სტენდების პავილიონში წარმოდგენილია წიგნის ცენტრის და ქართველი გამომცემლების, მეცნიერების, ინოვაციების სააგენტოს, სახელოვნებო, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სტენდები. საქართველოს თემატური სტენდები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრებს არაერთ ენაზე ნათარგმნ ლიტერატურას სთავაზობს, რომლის გაცნობის შესაძლებლობა დამთვალიერებელს კვირის ბოლომდე ექნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.