გორის მუნიციპალიტეტში 3 სოფელში საბავშვო ბაღი გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტში 3 სოფელში საბავშვო ბაღი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ტინისხიდში, ქვემო ხვითსა და ფხვენისში სააღმზრდელო დაწესებულებები ათეული წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
„გორის მუნიციპალიტეტის სოფელებში - ტინისხიდში, ქვემო ხვითსა და ფხვენისში უკვე გაიხსნა საბავშვო ბაღები. მალე, მეჯვრისხევსა და ზერტში სააღმზრდელო დაწესებულებები ფუნქციონირებას ნაქირავებ ფართში გააგრძელებენ. ორივე სოფლის საბავშვო ბაღის შენობა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დემონტაჟს ექვემდებარება, რაც რამდენიმე თვის წინ სასწავლო პროცესის შეწყვეტის მიზეზი გახდა. 2019 წელს ვგეგმავთ საბავშვო ბაღის მშენებლობას მეჯვრისხევსა და მეღვრეკისში. გორის მერია შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პატარას ჰქონდეს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სამივე საბავშვო ბაღი, სადაც ამ ეტაპზე ჯამში 156 აღსაზრდელი ირიცხება, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს. მათივე ინფორმაციით, პატარებს სკოლამდელი განათლების მიღება ქალაქ გორის და მეზობელი სოფლების სააღმზრდელო დაწესებულებებში უწევდათ. იქიდან გამომდინარე, რომ ტრანსპორტირება გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ადგილობრივების ნაწილი უსახსრობის გამო ვერ ახერხებდა შვილების სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას.
ამჟამად, გორის მუნიციპალიტეტის 60 საბავშვო ბაღში 5 500 - მდე აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას.

























