ადვოკატი „ქურდული სამყაროს" წევრობასა და კავშირში ბრალდებულის უფლებების დარღვევებზე საუბრობს

„ქურდული სამყაროს" წევრობასა და კავშირში ბრალდებული ბეჟან დეკანაძის ოჯახის წევრები და ადვოკატი საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართავენ.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა პაატა შავაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბრალდებულ ბეჟან დეკანაძეს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია აკრძალული აქვს, რაც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ადვოკატის პაატა შავაძის განცხადებით, პენიტენციური დეპარტამენტის მეორე დაწესებულებაში ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ ბრალდებულთან კომუნიკაცია ვერ შედგება, რადგან პროკურორის დადგენილებით აკრძალულია.
„პატიმრობაში მყოფი ბეჟან დეკანაძის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების უხეში ხელყოფის ფაქტია სახეზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ დაახლოებით 3 თვეზე მეტია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ოჯახთან არ ეძლევა არანაირი კომუნიკაცია. ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან ქურდული სამყაროს წევრობას და ურთიერთობას. წარვადგინე საქალაქო სასამართლოში მტკიცებულება, რომ მინდია „ლავასოღლი“ ბეჟან დეკანაძის ბავშვის ნათლიაა და შესაბამისად, მათი ურთიერთობები ნათელ-მირონობით შემოიფარგლება. ამიტომ ჩვენ საქართველოს იუსტიციის მინისტრს მოუწოდებთ, რომ კატეგორიული იყოს ამ ასპექტში. მე მაქვს ინფორმაცია, რომ სხვა პატიმრებსაც აკრძალული აქვთ ოჯახთან ურთიერთობა. იუსტიციის მინისტრი პირადად დაინტერესდეს ამ ფაქტით, რადგან უხეშად ირღვევა პატიმრის უფლებები, რაც ოჯახთან ურთიერთობას უკავშირდება",- განაცხადა პაატა შავაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამი თვის წინ ქურდულ სამყაროს წევრობის ბრალდებით, ბათუმში 10 პირი დააკავეს. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. გამოძიება ასევე დაკავებულებს „კანონიერ ქურდთან“ „ლავასოღლისთან“, იგივე მინდია გორაძესთან კავშირს ედავება.

























