მირდატ ქამადაძე - ბიუჯეტში გადასახდელი თანხებით მოღალატე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია ფინანსდება

მირდატ ქამადაძე - ბიუჯეტში გადასახდელი თანხებით მოღალატე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია ფინანსდება

ბიუჯეტში გადასახდელი თანხებით მოღალატე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია ფინანსდება, - ეს განცხადება ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საზოგადოება უნდა იცნობდეს სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთ დამფინანსებელს, ბიზნესმენ გიორგი გველესიანს, რომელმაც მას 60 000 ლარი შესწირა.

„საზოგადოება უნდა იცნობდეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისათვის თანხის შემომწირველ გიორგი გველესიანს. ამ ადამიანმა მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილს შესწირა 60 000 ლარი. მანამდე 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ შესწინა ასევე 60 000 ლარი. ხსენებული თანხები გველესიანმა მიიღო სავარაუდო კორუფციული გარიგების გზით.

სქემა ასეთია: 2016 წლის 22 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან შპს „ვესტ ინვესტმა“ პირდაპირი მიყიდვის წესით მიიღო 3508 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 525 000 აშშ დოლარად (კვ.მ. ფასი დაახლოებით 150 დოლარი). ხსენებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. ბათუმში, დელფინარიუმის მოპირდაპირე მხარეს, ბულვარში სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ.

შპს „ვესტ ინვესტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და 33.34% წილის მფლობელი გახლდათ გიორგი გველესიანი.

მოგვიანებით შპს „ვესტ ინვესტის“ 100% წილი და შესაბამისად ხსენებული მიწის ნაკვეთი იყიდა შპს „ორბი ლოჯისტიკ ჯგუფმა“ რამოდენიმე მილიონ ლარად.

აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ გიორგი გველესიანის კომპანიამ მიზერულ თანხად შეიძინა ბათუმის ცენტრში მიწის ნაკვეთი, რომელიც შემდგომში გაყიდა რამოდენიმე მილიონად. ბუნებრივია, მას ამის გამო გაუჩნდა „მადლიერების“ გრძნობა ხელისუფლების მიმართ და იგი უკანონო გარიგების შედეგად მოპოვებული, ფაქტიურად ბიუჯეტში გადასახდელი თანხებით აფინანსებს სახელისუფლებო გუნდის საარჩევნო კამპანიას.

ეს არის კანონმდებლობის უხეში დარღვევა და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს დაინტერესდნენ ამ გარიგების კანონიერებით.

ხოლო თავის მხრივ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბიუჯეტში გადასახდელი თანხებით ფინანსდება მოღალატე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია",- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.