თეთრიწყაროში „გარისობა 2018“ აღინიშნა

ქალაქ თეთრიწყაროში სახალხო დღესასწაული „გარისობა 2018“ სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, კულტურისა და დასვენების პარკში შეკრებილი საზოგადოება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანია ჯაფარიძემ დალოცა. ღონისძიების მონაწილეებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თეთრიწყაროში მცხოვრები საქართველოს სხვადასხვა კუთხის და ეთნოსის წარმომადგენელთა საგამოფენო სივრცეები, გაიმართა ტრადიციული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, საგამოფენო სივრცეში აგრეთვე წარმოდგენილი იყო ტურიზმის კუთხე, ღია ბიბლიოთეკა, მოძრავი თოჯინების თეატრი და სხვა საბავშვო-გასართობი აქტივობები. გაიმართა სპორტული შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა.
მაყურებელთა წინაშე საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და ანსამბლი „ჩვენებურები“.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სახალხო დღესასწაულის სახელწოდება „გარისობა“ უკავშირდება თეთრიწყაროს ისტორიულ სახელწოდებას. „გარისობა“, როგორც ქალაქის დღესასწაული გასულ წლებში მასშტაბურად აღინიშნებოდა მოსახლეობის მაღალი ჩართულობით, ხოლო 90-იანი წლებიდან დავიწყებას მიეცა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, 2017 წლიდან კვლავ ჩაეყარა საფუძველი დღესასწაულის აღნიშვნას.

























