„ნაცმოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებსა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს, პარტიის მხარდამჭერ ახალგაზრდებსა და ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი თაკო მეტრეველი აცხადებს, ახალგაზრდები, რუსთავში, კოსტავას გამზირზე აქციას „ნუ გააყალბებ“ მართავდნენ და შენობებზე სტიკერებს აკრავდნენ.
აქციის მსვლელობისას, მათთან უცნობი პირი მივიდა და სტიკერების გაკვრის შეწყვეტა მოსთხოვა. მოგვიანებით, მათთან კიდევ რამდენიმე პირი მივიდა, რომელთაც თავი ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებად წარუდგინეს და სიტყვიერი შერაცხყოფა მიაყენეს მათ.
რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ ახალგაზრდები სტიკერებს ცენტრალურ გამზირზე განთავსებულ შენობებზე აკრავდნენ, რითაც ქალაქის იერსახეს ამახინჯებდნენ. როგორც ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, მათ აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდეს და გაფრთხილება მისცეს, რასაც მათი მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.
ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ახალგაზრდების შეურაცხყოფას, მათი თანამშრომლების მხრიდან, ადგილი არ ჰქონია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციიდან ქალაქის საკრებულოს წევრის, ალექსანდრე ბერიძის განცხადებით, პარტიის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა და აქციის მონაწილემ სამართალდამცავებს ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.

























