ხაშურში წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს

პედაგოგთა პროფესიულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა მუნიციპალიტეტის წარმატებულ პედაგოგებს - სურამის მეორე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგ ჯაბა ლაბაძეს და ხაშურის პირველი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელ ნანა დაბრუნდაშვილს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრად პლანშეტები გადასცეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ჯაბა ლაბაძე და ნანა დაბრუნდაშვილი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2018 წლის საუკეთესო ათეულში მოხვდნენ.
„ყველა პედაგოგს და განსაკუთრებით ჩვენი მუნიციპალიტეტის პედაგოგებს ვულოცავ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. ისინი ყოველთვის განსაკუთრებულად კარგები და გამორჩეულები არიან, ვისურვებ მათ კიდევ ბევრი ღირსეული თაობა აღეზარდოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის და ქვეყნის საამაყოდ. მეამაყება, რომ ქალბატონი ნანა დაბრუნდაშვილი ჩემი მასწავლებელია“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 104 პედაგოგი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ათეული სფეროსა ჟიურიმ შეარჩია.
პედაგოგთა საუკეთესო ათეულიდან შეირჩა საუკეთესო ხუთეული, საიდანაც ერთი გამარჯვებული, დღეს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდება.
სურამის მეორე სკოლის მასწავლებელი ჯაბა ლაბაძე ხუთეულის წევრია.

























