სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი - ორ დღეში სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის თურქეთში ტრანზიტული გადაზიდვებისათვის საჭირო ნებართვის გაცემა დაიწყება

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი - ორ დღეში სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის თურქეთში ტრანზიტული გადაზიდვებისათვის საჭირო ნებართვის გაცემა დაიწყება

ბათუმში შემოსავლების სამსახურის შენობასთან სატვირთო ავტომობილების მძღოლების აქციაზე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხმალაძე მივიდა. მისი განცხადებით, ორ დღეში სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის თურქეთში ტრანზიტული გადაზიდვებისათვის საჭირო ნებართვის გაცემა დაიწყება და პრობლემა ეტაპობრივად აღმოიფხვრება. შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

"მინდა გითხრათ, რომ ორ დღეში თურქეთიდან ნებართვები ჩამოვა, რომელსაც ბათუმის ოფისში აიღებთ. თავდაპირველად 1500 ნებართვა იქნება, შემდეგ კი ამავე რაოდენობის დაემატება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პრობლემა მოგვარებულია“,- განუცხადა აქციის მონაწილეებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხმალაძემ.

აქციაზე აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. სატვირთო ავტომობილების მძღოლები დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით საერთაშორისო გადაზიდვებს ორი თვეა ვერ ახორციელებენ, რადგან თურქეთის მიმართულებით, მეზობელი ქვეყანა შესაბამის ნებართვას არ აძლევს.