ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლები დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გადაზიდვებს ახორციელებდნენ, თუმცა ბოლო ორი თვეა ამის საშუალება არ ეძლევათ. ერთ-ერთი მძღოლის თქმით, თურქული მხარე ქართველ მძღოლებზე თურქეთში გადასვლისთვის საჭირო დოკუმენტაციას არ გასცემს და ისინი უმუშევარი დარჩნენ. აქციის მონაწილეები რეაგირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან ითხოვენ და ამავდროულად უყურადღებობაში ადანაშაულებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ბათუმი-სარფის ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
„ორი თვეა ვითხოვთ ყურადღებას. უმუშევრები ვართ. ჩვენს უკან არაერთი ოჯახი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ორი თვის წინ დაგვპირდა, რომ თურქულ მხარესთან პრობლემას მოაგვარებდა, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ თურქ მძღოლებს ანალოგიური პრობლემა არ აქვთ",- განაცხადა აქციის მონაწილემ.

























