ქედაში ტრადიციული დღესასწაული იზეიმეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები: მერაბ კარანაძე, ხვიჩა შარაშიძე, დავით თედორაძე, რეგიონის მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სახალხო ზეიმს - "შემოდგომა ქედაში“ დაესწრნენ.
როგორს აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაბა ქედის ცენტრალურ პარკში, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, წარმოდგენილი იყო ტრადიციული ეთნოგრაფიული და ხელნაკეთი ნამუშევრები და სოფლის ნობათი. გაიმართა სპორტული შეჯიბრებები და კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობით.
სახალხო ზეიმზე ქედელებმა სტუმრების წინაშე, ტრადიციულად, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგსა თუ კულტურისა და სპორტის სფეროებში მიღწეული წარმატებები წარმოაჩინეს. ზეიმის კულმინაცია იყო დამსახურებული მოღვაწის, ქედის საპატიო მოქალაქის, საპატიო ქედელისა და ქედის კოლორიტის არჩევა. აღნიშნული ჯილდოები წელს შვიდ პიროვნებას გადაეცა.
დავით გაბაიძემ ზეიმის მონაწილეებს დღესასწაული მიულოცა და ქვეყნისა თუ რეგიონისათვის საკეთილდღეო საქმეებში წარმატებები უსურვა.
„შემოდგომა ქედაში“ სოფელ მახუნცეთში დაიწყო და ვაიოში ყურძნის წურვით დასრულდა.

























