დღეს გორში სახალხო დღესასწაული აღინიშნება

დღეს გორში სახალხო დღესასწაული აღინიშნება. დილიდან ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დაბრძანებულია ოქონის ხატი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
საზეიმო ღონისძიებები საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტალინის გამზირზე, კირიონ მეორისა და ბესარიონ ჯუღაშვილის ქუჩებზე ჩატარდება.
„ყურძნის დაწურვა, ჩურჩხელების ამოვლება, აგროფესტივალი, რომლის ფარგლებშიც მოხდება შიდა ქართლში დაყენებული ღვინოების, თაფლის, ყველის, ჩირების, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. ხალხური რეწვის ოსტატებისა, მხატვრების, ტატულაშვილის ორსაუკუნოვანი კერამიკის ნამუშევრების, მუზეუმების გამოფენები - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც „გორის დღეს“ მოსახლეობას ელოდება. გორის სახალხო დღესასწაული 30 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებები სამ ლოკაციაზე გაიშლება. ძირითადად დაიტვირთება კირიონ II - ის ქუჩა, შადრევანისა და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია.
რესტორანი „ბლექ სტარი“ გიმასპინძლებთ, როგორც ძველი სამიკიტნო, დაუკრავს მედუდუკეთა ანსამბლი და ხელსაყრელ ფასებში მოგემსახურებათ მიკიტანი და მისი მიმტანები, იმოგზაურებთ ძველ დროში.
ჩატარდება სპორტული ღონისძიებები, შეჯიბრი მკლავჭიდსა და ჭიდაობაში, გაცოცხლდება ძველი თამაში ლახტი. საბავშვო კუთხე შადრევანთან ელოდება პატარებს. ატრაქციონები, სახის მოხატვა, მსახიობები მთელი დღის მანძილზე ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ. გორის ციხის ფერდობებზე განლაგებულ ფაცხებში წარმოდგენილი იქნება სოფლის ნობათი. დაგეგმილია კლიპის პრეზენტაცია შიდა ქართლის შესახებ, რომელიც ჩვენი მხარის სავიზიტო ბარათი გახდება და ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. დრფის განმავლობაში სამი კონცერტია დაგეგმილი, წარმოდგენილი იქნებიან როგორც ადგილობრივი შემსრულებლები და ჯგუფები, ასევე თბილისიდან მოწვეული მუსიკოსები. ერისთავის თეატრში გაიმართება გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი. საღამოს ღონისძიებებს ფოიერვერკი დაასრულებს“,- ნათქვამია პრესრელიზში.

























