მარნეულში ევროპის სპორტის კვირეული გრძელდება

მარნეულში ევროპის სპორტის კვირეული გრძელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

აღსანიშნავია, რომ კვირეული რაგბის ფესტივალით გაიხსნა. მასში მონაწილეობას ადგილობრივი და მოწვეული გუნდები იღებდნენ, რომლებიც მუნიციპალიტეტის სახელით სპეციალური თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

სპორტული შეჯიბრებები მოეწყო მკლავჭიდში, ქართული ჭიდაობაში, მშვილდოსნობაში, კალათბურთში, კრივსა და ნარდში. ასევე გაიმართა გარბენი, რომელშიც საჯარო სკოლის მოსწავლეები და დაინტერესებული მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

ამ ეტაპისთვის გრძელდება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის, სადაც გამარჯვებული გუნდი 29 სექტემბერს გამოვლინდება.

„სპორტული კვირეულის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობისადმი მიძღვნილი ტურნირის გამართვა ჭიდაობა - ძიუდოში.

ამხანაგური ჩემპიონატი, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ქალაქ მარნეულის "ათა ჰოლდინგის" სპორტულ დარბაზში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და აზერბაჯანის ახალგაზრდული გუნდები, სხვადასხვა წონისა და ასაკის კატეგორიაში.

აღნიშნული ტურნირის მიზანია, საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების დაახლოება და მათი მეგობრული და პროფესიული თანამშრომლობის წახალისების მხარდაჭერა.

სპორტული კვირეული, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით საქველმოქმედო ხასიათისაა. სპორტული ღონისძიებების ფარგლებში შეგროვებული თანხა, მარნეულელ თეონა ბენდელიანს გადაეცემა, რომელსაც აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე და სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული მკურნალობა გერმანიაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.