თელავში ნანა ბოტკოველის გამოფენა გაიხსნა

თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქართველი კერამიკოსისა და ხელოვანის - ნანა ბოტკოველის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ხელოვანის ოჯახის წევრები, თანამშრომლები, მეგობრები და დაინტერესებული პირები.
ღონისძიებაზე ისაუბრეს ნანა ბოტკოველის პროფესიულ მიღწევებზე, მისი შემოქმედების როლსა და ღირებულებებზე, პიროვნულ და ხასიათის თვისებებზე. ასევე, გაიხსენეს ისტორიები ხელოვანის ცხოვრებიდან.
„ნანა ბოტკოველი 1938 წლის 27 აგვისტოს თელავში პედაგოგის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი). მონაწილეობდა ბრინჯაოს პერიოდის არქეოლოგიურ ექსპედიციებში, რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული და დიდი წვლილი მიუღვის ქართული კერამიკის განვითარებაში. ხელოვანი 62 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

























