„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვს.
პარტიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მურთაზ ზოდელავას თქმით, ოლქსა და უბნებზე საარჩევნო პროცედურები არაორგანიზებულად მიმდინარეობს და ამაზე უკვე 140-ზე მეტი საჩივარი დაიწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„საუბნო კომისიების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს არ სურთ მუშაობა, რადგან იციან თუ რა გაყალბებებზე მოუწევთ ხელის მოწერა, ხოლო მათზე ზეწოლას ახორციელებს მირანდა მესხი. გარდა ამისა, არის სავალალო მდგომარეობა საოლქო საარჩევნო კომისიაში, უკვე დაწერილია 140-ზე მეტი საჩივარი სხვადასხვა პროცედურულ დარღვევებზე. ასეთი სავალალო მდგომარეობა არ არის საქართველოს არცერთ ოლქში. მე მინდა მოვუწოდო საოლქო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს, რომ დაწეროს განცხადება და დატოვოს თანამდებობა, რადგან რასაც ახლა ის აკეთებს, სავალალო შედეგით დასრულდება“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას უწოდებს ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი. რაც შეეხება საჩივრებს, მისი თქმით, სულ 30 საჩივარია რეგისტრირებული, თუმცა თითოეული მათგანი უსაფუძვლოა.
„ყველა უბანი გახსნილია და საუბნო კომისიები უფლებამოსილია. ერთი უბანია მხოლოდ, რომელშიც მდივანი არ არის არჩეული და თავმჯდომარე ასრულებს მის მოვალეობას, თუმცა დამატებითი სხდომა დაინიშნება. მათი საჩივრები არის უსაფუძვლო და გადაცდომად თვლიან დაგვიანებასაც, რაც არ არის დარღვევა. ეს ყველაფერის არის საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ჩვენ მზად ვართ თითოეული ამომრჩევლისთვის შევქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო“, - განაცხადა მირანდა მესხმა.

























