აჭარის მთავრობა - საინვესტიციო პოლიტიკა კერძო და საჯარო ინტერესების დაცვით განხორციელდება

აჭარის მთავრობა - საინვესტიციო პოლიტიკა კერძო და საჯარო ინტერესების დაცვით განხორციელდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ განკარგულების პროექტი განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში რეგიონის მიმართ ინვესტორთა მხრიდან გაზრდილ ინტერესს, რაც სამშენებლო, ტურიზმისა თუ სხვა კაპიტალდაბანდების მიმართულებით იკვეთება.

მისივე თქმით, სექტემბერში აჭარის მთავრობამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონკრეტულ პროექტებზე.

„მინდა შევეხო საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას, რომელიც კერძო და საჯარო სექტორის ინტერესთა დაცვით უნდა განხორციელდეს. დღეს წარმოდგენილი მთავრობის განკარგულების პროექტი მოემსახურება ინვესტორთა მხრიდან ვალდებულებების გადახედვის წესს, რაც გულისხმობს შემდეგს: დღემდე დადგენილი ვალდებულებების გადავადება კვლავაც შესაძლებელი იქნება, თუმცა ეს ყველაფერი მოხდება საჯარო და კერძო ინტერესთა გათვალისწინებით, კერძოდ, ყველა ინვესტორს, ყველა საპრივატიზაციო ხელშეკრულების მხარეს მოეთხოვება წარმოადგინოს შესაბამისი საბანკო გარანტია. ინვესტორთა მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის ნაწილში, სახელმწიფოს მიეცემა საშუალება მოახდინოს საგარანტიო თანხის გამოთხოვა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა და იგი მთავრობის წევრთა ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული. განკარგულების პროექტი 2019 წლის პირველ იანვრამდეა მოქმედი.