რუსთავში ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

რუსთავში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს. ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატებმა გიორგი ბეგაძემ და პაატა მხეიძემ, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ეროვნული გმირის რუსთავში მოღვაწეობის პერიოდი.
ღონისძიებას რუსთველი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი, რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
დღესვე, ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დიდების ხეივანში ყვავილებით შეამკო აფხაზეთის ომში დაღუპული რუსთაველი მებრძოლების მემორიალი.
სოხუმის დაცემისა და ჟიული შარტავას გარდაცვალებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-დრამატულმა თეატრმა 51-ე სეზონი პრემიერით გახსნა.
პირველად ქართული თეატრის ისტორიაში, მე-20 საუკუნის ეროვნულ გმირზე, ჟიული შარტავაზე, რუსთავის პროფესიულ-დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ, ნინო სადღობელაშვილის პიესის ,,დაბადების დღე“ მიხედვით, დადგმული სპექტაკლი წარადგინა. სპექტაკლი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავს მიერ სოხუმში გატარებული უკანასკნელი დღეების ქრონიკას ასახავს.

























