თელავში სოხუმის დაცემის დღე აღინიშნა

თელავში სოხუმის დაცემის დღე აღინიშნა

თელავში სოხუმის დაცემის დღე აღინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-20 კადრირებული ბრიგადის წარმომადგენლებმა ყვავილებითა და სანთლებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი, რის შემდეგაც, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, სოხუმისთვის ბრძოლაში დაღუპული თელაველი გმირის, ზურაბ ვართანაშვილის მემორიალური დაფა გახსნეს.

ზურაბ ვართანაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიამშენის ბატალიონში მსახურობდა. საომარი მოქმედებებისას, შეცვლაზე შესულ თელავის ბატალიონს შეუერთდა და თანაქალაქელების სიყვარულით, 26 წლის ასაკში, გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი გმირები უნდა იყვნენ მაგალითი მომავალი თაობისთვის. მისივე თქმით მათი სახელის უკვდავყოფა კი ყველა ჩვენგანის ვალია.