თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე - თიანეთის საარჩევნო ოლქში, ქვეყნის საარჩევნო ისტორიაში უპრეცედენტო საბოტაჟის შემთხვევას ჰქონდა ადგილი

თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი წოწკოლაურის ინფორმაციით, თიანეთის საარჩევნო ოლქში, ქვეყნის საარჩევნო ისტორიაში უპრეცედენტო საბოტაჟის შემთხვევას ჰქონდა ადგილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ წოწკოლაურმა განუცხადა, 26 სექტემბერს დაგეგმილი იყო საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომის ჩატარება საარჩევნო უბნებზე. მისი თქმით, მოულოდნელად, საარჩევნო უბნებზე მისულ კომისიის წევრებს მუნიციპალიტეტის სამი სკოლის დირექტორმა (ტუშურების, სიონის და ჩეკურაანთგორის), სადაც წინა წლებში საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, უარი განუცხადეს საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის სკოლის შენობაში ადაპტირებული ფართის დათმობასა და შენობაში შეშვებაზე.
თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ „საბოტაჟის აქციის ორგანიზატორების ძიებამ, შესაძლოა მერიის მაღალჩინოსნებთან მიგვიყვანოს“.
„ჩეკურაანთგორის საბაზო სკოლის დირექტორმა, ამის მიზეზად, სკოლის შენობაში თავისუფალი ფართის არარსებობა დაასახელა, მაშინ, როდესაც ხსენებულ სკოლაში მხოლოდ ორი მოსწავლე და ორი პედაგოგია. კომისიების ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებაზე ასევე უარი განაცხადეს მერის წარმომადგენლების ნაწილმაც. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელს, სკოლის დირექტორებისთვის ამ სახის მითითება არ მიუცია, დასახელებული სკოლის დირექტორების მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობას მერსა და მერიის მაღალჩინოსნებთან, ასევე მერის წარმომადგენლების პირდაპირ სამსახურებრივ ვერტიკალს მერთან, ამ დაგეგმილი საბოტაჟის აქციის ორგანიზატორების ძიებამ, შესაძლოა მერიის მაღალჩინოსნებთან მიგვიყვანოს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გიორგი წოწკოლაურმა.
მისივე თქმით, ორგანიზებული წინააღმდეგობის მიუხედავად, საოლქო კომისიამ, მაინც შეძლო სხდომების გრაფიკის მიხედვით წარმართვა ალტერნატიულ ფართებში, თუმცა ეს ფართები საარჩევნო დღისთვის ადაპტირებული არ არის.
როგორც წოწკოლაური აცხადებს, ხსენებული ფაქტის შესწავლით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები, რათა ორგანიზატორთა ვინაობა დასახელდეს და პასუხი აგოს ყველა მოხელემ, ვინც სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას გამიზნული საბოტაჟით უშლის ხელს.

























