საქართველოში „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეები 2018“ დაიწყო

„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ ორგანიზებით, თბილისი მასპინძლობს კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენციას „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეები 2018“.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 18 ქვეყნის 170-მდე დელეგატი - დარგის ექსპერტები , პროფესიული გაერთინებები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, მედია ორგანიზაციები, პროვაიდერები და აპარატურის მწარმოებელი კომპანიები.
კონფერენციის ჩატარების მთავარი მიზანია ტრანზიტორი კომპანიების მხარდაჭერა, არსებული პრობლემების განხილვა, გაანალიზება, მათი გადაჭრის გზების ძიება, ცვლილებების შეტანა დარგის მარეგულირებელ კანონმდებლობაში და სამომავლოდ უკეთესი შედეგების უზრუნველყოფა.
კონფერენციაზე განიხილება ურთიერთობა ტრანზიტორ კომპანიებსა და ადგილობრივ ტელეარხებს შორის, ასევე, Must Carry და Must Offer-თან დაკავშირებული საკითხები საქართველოსა და ევროპული ქვეყნების მაგალითზე.
კონფერენციაზე, დარგის წამყვანი ექსპერტები წარადგენენ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივებს და შეაფასებენ არსებულ მდგომარეობას. ასევე, მოწვეული სტუმრები გაეცნობიან მედია ინდუსტრიის განვითარების ტენდენციებს ევროპასა და საქართველოში. ასევე, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების და ინტერნეტ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ინტერნეტში არალეგალური კონტენტის გავრცელების პრობლემებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ამასთან, დამსწრეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ დისკუსიაში, წარმოადგინონ თავისი ხედვები, დასვან კითხვები და მიიღონ რჩევები პროფესიონალებისგან. კონფერენციის ფარგლებში კონტენ-შოუც იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის თავმჯდომარე გურამ ბერუაშვილი აცხადებს, რომ კონფერენცია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.
„ეს კონფერენცია უკვე მეხუთედ ტარდება. ძირითადი მიზანია დარგის სპეციალისტების და ექსპერტების შეკრება, მათი აზრის მოსმენა. მყარდება პირდაპირი კონტაქტები. ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას. დღეს 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი გვესწრება, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. ანალოგიური კონფერენცია ამიერკავკასიის მასშტაბით ჯერ არ ჩატარებულა“,- აღნიშნა ბერუაშვილმა.
დღევანდელ კონფერენციაზე უკვე მიიღეს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების მხარდამჭერი რეზოლუცია.
როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, სხვადასხვა ქვეყნების საკაბელო ტელევიზიების ოპორატორების სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთქმედების პრაქტიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია იმ ძირითადი საკითხების დასახელება, რომელთა გადაჭრა საკაბელო ტელევიზიების ოპერატორების საქმიანობაზე ყველაზე მეტად მოქმედებს და შესაბამისად, აუცილებლად მიიჩნევენ საკანონმდებლო დონეზე მათ დარეგულირებას და სხვადასხვა უწყებების მხრიდან ხელშეწყობას. ესენია: მაუწყებლობის ტრანზიტის სფეროში დემპინგური ფასების რეგულირება და აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე, სატარიფო პოლიტიკის სამართლიანი და არადისკრიმინაციული ფორმით რეგულირება და ამ მხრივ მცირე და საშუალო ოპერატორების ხელშეწყობა.
„რეზოულიციის მიხედვით, სატელევიზიო და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობაში უნდა აისახოს კარტელური შეთანხმების დადების შემზღუდავი სამართლებრივი ნორმები. კანონმდებლობაში არადისკრიმინაციული ფორმით უნდა აისახოს „სავალდებულო ტრანზიტისა“ და სავალდებულო მიწოდების“ ცნებები. დაუშვებლად მივიჩნევთ ტრანზიტორი კომპანიების დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას, რასაც კანონმდებლობა შეუწყობს ხელს. ამ მიზნების განხორციელებისთვის, მხარს ვუჭერთ საქართველოს პარლამენტში „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას. სატელეკომუნიკაციო დარგის გაჯანსაღების მთავარ პირობად მივიჩნევთ სახელმწიფო უწყებების მხრიდან აქტიურ ჩართულობას და მათი მხარდაჭერით სხვადასხვა სასარგებლო პროგრამების განხორციელებას, რაც უფრო მეტად გააძლიერებს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს და რითაც თავიდან იქნება აცილებული ბაზარზე მონოპოლიების ჩამოყალიბება“,- ნათქვამია რეზოლუციაში.
როგორც საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რეზოლუცია ითვალისწინებს იმ პრობლემების ხელშეწყობას სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რაც დღის წესრიგში დგას ტრანზიტორი კომპანიებისთვის.
„ყველაზე მთავარი ამ რეზოლუციაში არის Must Carry და Must Offer-ის ცნებების შემოღება კანონმდებლობაში და საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ წარდგენილი ინიციატივის მხარდაჭერა პარლამენტში, რომელიც უახლოეს დღეებში განიხილება. ჩვენ ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ტრანზიტორ კომპანიებს“,- განაცხადა თეონა ბერუაშვილმა.
(R)

























