სოხუმის დაცემიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, ზუგდიდის მერიამ ენგურის ხიდზე მდუმარე აქცია გამართა

სოხუმის დაცემიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ენგურის ხიდზე მდუმარე აქცია გამართა. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, აქციას გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
„დღეს ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი სისხლიანი და ტრაგიკული დღის, დაღუპული ჯარისკაცების პატივის მისაგებად შევიკრიბეთ აქ, ენგურის ხიდზე. 27 სექტემბერი, თითოეული ჩვენგანისთვის არის თარიღი, რომელმაც არ უნდა დაგვავიწყოს დაკარგული ტერიტორიები, ძმათა მკვლელ ომში დაღუპული თითოეული ადამიანი, გმირები და მათი სახელები. დიახ, დღეს 25 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან და ეს ტკივილი ჩვენ არ გაგვნელებია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთიანი ძალისხმევითა და სწორი პოლიტიკის შედეგად, დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ“, - განაცხადა მაიზერ ნანავამ.
„აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, ომს აფხაზეთში ქართულ მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. აფხაზეთიდან დევნილი 250 000-ზე მეტი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარე კი აცხადებს, რომ დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი“, - ნათქვამია ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

























