რუსთავის თეატრი 51-ე სეზონს ჟიული შარტავაზე დადგმული პიესის პრემიერით გახსნის

რუსთავის თეატრი 51-ე სეზონს ჟიული შარტავაზე დადგმული პიესის პრემიერით გახსნის

სოხუმის დაცემისა და ჟიული შარტავას გარდაცვალებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-დრამატული თეატრი 51-ე სეზონს პრემიერით გახსნის.

პირველად ქართული თეატრის ისტორიაში, მე-20 საუკუნის ეროვნულ გმირზე, ჟიული შარტავაზე, რუსთავის პროფესიულ-დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი სოსო ნემსაძე, ნინო სადღობელაშვილის პიესის ,,დაბადების დღე“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარადგენს. სპექტაკლი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავს მიერ სოხუმში გატარებული უკანასკნელი დღეების ქრონიკას ასახავს. პრემიერა 20:00 საათზე დაიწყება.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში განუცხადეს, პიესა ,,დაბადების დღე“, აფხაზეთის ომის მონაწილეთა, თვითმხილველთა, მებრძოლთა ახლობლების მონათხრობის, ზეპირი ისტორიების საფუძველზეა აგებული. სპექტაკლის სადადგმო ვერსია, ახალი თაობის მიერ დანახულ კონფლიქტის არსს წარმოადგენს. მთავარი მთხრობელი 26 წლის ბიჭია, სწორედ იმ ასაკის, რამდენი წელიცაა გასული ქართულ-აფხაზური კონფლიქტიდან, დღემდე.

იდეა, რომ რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის 2018-2019 წწ. სეზონი ჟიული შარტავას ცხოვრების უკანასკნელი დღეების ამსახველი სპექტაკლით გახსნილიყო, 2017-2018 წ.წ. სეზონის მიწურულს, რუსთავის მერიისა და თეატრის ერთობლივი ინიციატივით დაიბადა. პიესის გამოსავლენად კი დრამატურგთა კონკურსი სპეციალურად გამოცხადდა. კონკურსის მთავარი მოთხოვნა იყო, დრამატურგებს წარედგინათ პიესა, რომელიც ჟიული შარტავას მიერ სოხუმში გატარებული უკანასკნელი დღეების შესახებ მოუყვებოდა მაყურებელს.

საუკეთესო პიესა, კომპეტენტური ჟიურის (თავმჯდომარე: მწერალი, მთარგმნელი, თუმანიშვილის ფონდის დამფუძნებელი, მანანა ანთაძე) მიერ გამოვლინდა. კონკურის გამარჯვებული, მწერალი და დრამატურგი ნინო სადღობელაშვილი გახდა, მისი პიესის სადადგმო ვერსია, რუსთავის თეატრის რეპერტუარში, ახალი სეზონიდან ჩაეშვება.

პრემიერამდე, 27 სექტემბერს, 18:00 საათზე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ეროვნული გმირის სახელობის ახლად რეაბილიტირებულ სკვერს გახსნის.