“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი ხულოში მხარდამჭერებს ხვდება

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი ხულოში   მხარდამჭერებს ხვდება

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს ხულოში ხვდება. დავით ბაქრაძესთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ სხვა პრობლემებთან ერთად აჭარაში განსაკუთრებით დგას თურქეთში სამუშაოდ წასული ადამიანების პრობლემა.

„აჭარლები აცხადებენ, რომ დაბალი ანაზღაურების და უმძიმესი პირობების გარდა, ბევრი ისეთი საკითხიცაა, რომელზეც ხელისუფლება ელემენტარულ ყურადღებას არ იჩენს“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრობლემების გადაჭრის საკითხის გარდა, დავით ბაქრაძემ შეხვედრაზე მისულ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. დავით ბაქრაძემ პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.

„ამ ადამიანებს აწუხებთ ელემენტარული უყურადღებობა ხელისუფლების მხრიდან , მრავალსაათიანი რიგები საბაჟოზე. აწუხებთ ის, რომ იმ ტერიტორიაზე ,იმ ზონაში სადაც ჩვენი მოქალაქეები მუშაობენ რიზეში, ხოფაში არ არის საკონსულო, არავინ არ არის ვინც სახელმწიფოს მხრიდან იქნება მიმხედავი და პატრონი რაიმე პრობლემის შემთხვევაში. უამრავი საქმეა გასაკეთებელი და რაც მთავარია ხალხს სჭირდება კონკრეტული საქმეები, სჭირდება მიხედვა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.